„მკურნალობის დასრულების შემდეგ, პატიმარი ვერ იქნება საავადმყოფოში, სააკაშვილის რუსთავში გადაყვანა სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდება“– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას კვლავ დაიწყებს და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექნება, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადავა. რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ მკურნალობა დასრულდა, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან, რის გამოც, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ბრეგაძე ამბობს, ნერვიულობის ნიადაგზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა წნევის ცვალებადობა, ამ მიზეზით, პენიტენციურმა სამსახურმა დროებით პროცესი გადაავადა.