ისტორიული მატჩი - საგულშემატკივროდ ემზადებიან საქართველოს ქალაქებში
საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადებიან რუსთავში, სადაც საქართველო-თურქეთის მატჩის ღია ჩვენება, რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ ოქსიგენ ფესტის სივრცეში გაიმართება. დილიდან ფეხბურთის გულშემატკივრებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს და საქართველოს ნაკრების საქომაგოდ რუსთაველები ქალაქის ცენტრალურ პარკში მიიწვიეს. ადგილზე მოწყობილი იქნება კვების, ლუდის და დასასვენებელი სივრცეები. გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ეროვნული სიმბოლოების გამოსახულებით სახის მოხატვა. ზუსტად 20 საათზე, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე კი, რუსთაველები ერთად შეასრულებენ საქართველოს ჰიმნს. მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრებისთვის გათამაშება-ვიქტორინაც მოეწყობა. გამარჯვებულ გულშემატკივრებს პრიზებად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა მაისურები და სხვადასხვა აქსესუარები გადაეცემათ.
ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე შეეძლებათ ფოთელ გულშემატკივრებსაც. 19 საათიდან, დრამერების შოუსა და დროშების თანხლებით, საზეიმო მსვლელობა მოეწყობა აღმაშენებლის ქუჩიდან (ბორის პაიჭაძის ძეგლიდან) ნიკო ნიკოლაძის სანაპირომდე, სადაც დიდი ეკრანია დამონტაჟებული. ღონისძიება ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ეწყობა.