ისტორიული გადაწყვეტილება და ელჩების მილოცვა საქართველოს - ვისი მხარდაჭერა მიიღო ქვეყნის მთავარმა კანონმა, რატომ გაექცა პასუხისმგებლობას ოპოზიციის ნაწილი და რა გზავნილები იკითხება დიპლომატთა ერთობლივ განცხადებაში

მომავალ არჩევნებზე საქართველოს პარლამენტი ახალი სისტემით დაკომპლექტდება. რამდენიმეთვიანი პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია.

რეზონანსულია საერთაშორისო გამოხმაურება. ქვეყანა მილოცვებს იღებს რვა მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩებისგან, რომლებიც მოლაპარაკებათა მაგიდასთან ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ერთად ისხდნენ და საარჩევნო სისტემის გარშემო მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევას თვეების განმავლობაში ცდილობდნენ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მოანაწილეობის გარეშე დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია,  რომ მიღებული რეფორმით ქვეყნის სტაბილურობა გამყარდა. ის პროცესში ელჩების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ  მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.   საერთაშორისო აქტორები ახლა აქცენტს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე აკეთებენ.

ანა ბროლაძე გაგვაცნობს, რა გამოხმაურება მოჰყვა ქვეყნის უზენაეს კანონში რვა მარტის შეთანხმების ასახვას.