ისრაელმა პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს საქმიანობა აკრძალა

საერთაშორისო საზოგადოების პროტესტმა და წინააღმდეგობამ არ გაჭრა. მკაცრი მოწოდებების მიუხედავად, ისრაელის პარლამენტის წევრებმა დაამტკიცეს კანონპროექტები, რომლებიც გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს საქმიანობას ისრაელში და ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, კრძალავს. მიზეზად სააგენტოს „ჰამასის“ მხრიდან კონტროლი სახელდება. კანონი სახელმწიფო უწყებებს სააგენტოსთან ნებისმიერი სახის კონტაქტსაც უკრძალავს. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეთა შეფასებით, ახალი რეგულაციები სააგენტოს საქმიანობას ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მკვეთრად შეზღუდავს. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები გადაწყვეტილებას საგანგაშოს უწოდებენ. პროგნოზია, რომ ღაზაში ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება.