ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება  

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადებს. როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რეფორმის მეორე და მესამე მოსმენა შემდეგ საპარლამენტო სესიაზე გაიმართება, რომელიც მაისშია დაგეგმილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობამ რეფორმის გადადების გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილის გამო მიიღო. ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო სისტემის სადავო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროტესტი საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას. მთავრობის მიერ ინიცირებული სადავო სასამართლო რეფორმის გამო, ისრაელში იანვრიდან საპროტესტო გამოსვლები იმართება. პროტესტს 27 ქალაქის მერი შეუერთდა, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს. ინიცირებული რეფორმა უზღუდავს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედება. ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვის პარალელურად, მასშტაბური დემონსტრაციები იმართებოდა თელ ავივსა და იერუსალიმში. თელ-ავივში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა მომიტინგეების დასაშლელად, რომლებსაც ცენტრალური ავტომაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი.