ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ორი ულტრამემარჯვენე მინისტრი გადადგომით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ გეგმას დაეთანხმება. საუბარია ფინანსთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრებზე. ისინი ყველა შეთანხმების წინააღმდეგი არიან იქამდე, სანამ „ჰამასი“ სრულად არ განადგურდება. თავად პრემიერი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მუდმივმოქმედი ზავი არ გაფორმდება, ვიდრე „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები არ იქნება განადგურებული და ყველა ისრაელელი მძევალი არ გათავისუფლდება.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა ღაზის სექტორში ომის დასრულების სამ-ეტაპიანი გეგმა გუშინ წარადგინა. გეგმა 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების ნაწილის გათავისუფლებას და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელელი სამხედროების გაყვანას გულისხმობს.