აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის საკითხის გარეშე უყრის კენჭს. კენჭისყრა მომავალ კვირას არის დაანონსებული. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, მიზეზი ისრაელისთვის დახმარების დროულად მიწოდებაა, ამიტომ მაიკ ჯონსონის თქმით, მექსიკის საზღვართან დაკავშირებული უკრაინისა და ისრაელის დახმარებების ერთობლივი პაკეტის განხილვის დრო ახლა არ არის. რესპუბლიკელების გეგმას ეწინააღმდეგება თეთრი სახლი და მას ცინიკურ პოლიტიკურ მანევრს უწოდებს. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სენატორთა ორპარტიულ ჯგუფთან ერთად, თვეების განმავლობაში მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების შეთანხმებაზე, რომელმაც საზღვრების დაცულობა და უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს.