საქართველოში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. გუდნი იოჰანესონის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. შესრულდა ისლანდიის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და შედგა დელეგაციების გაცნობის ცერემონია. ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამ წუთებში საქართველოსა და ისლანდიის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა იმართება, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ამასთან, დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საგარეო საქმეთა მინისტრი.