განმარტებებს აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელურად დათვლის დროს დაშვებულ შეცდომაზე. გამგეობამ გუშინ ორგანიზაციის თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა. „სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, შეცდომა ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია, კონკრეტულად კი, ხმების პარალელური დათვლის დროს გამოყენებული იყო პროგრამა, რომლითაც პარალელური დათვლა განხორციელდა სერბეთის არჩევნების მოდელით, სადაც ამ პროგრამაში მითითებული იყო ბათილი ბიულეტენების დაჯამებაც, რაც საქართველოში არ უნდა მომხდარიყო. ორგანიზაციის პოზიციით, შეცდომის მიუხედავად, მიღებული მონაცემი არსებითად არ ცვლიდა არჩევნების შედეგს. მათივე განცხადებით, ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ, საზოგადოებისთვის ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდება ორგანიზაციის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა.