ISFED-ის აღიარებული შეცდომის პოლიტიკური ფასი - აშშ-ის საელჩოს პოზიცია
2020 წლის სკანდალის არანაკლებ რეზონანსული გაგრძელება – ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის არასწორ მონაცემებს ოთხი წლის თავზე ამერიკის საელჩოდან ეხმაურებიან.
არასწორად დათვლილი ხმები და საპარლამენტო არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ აღიარებული შეცდომა საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაუარესების კონტექსტში განიხილება. აშშ-ს საელჩოსთვის სიცრუის შემცველია ხელისუფლების განცხადებები, სადაც ოთხი წლის წინანდელი ფაქტი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეფასდა. 1.8%-იანი თუ 2.5%-იანი ცდომილება – მმართველი პარტია საელჩოს ფაქტობრივ უზუსტობაზეც მიუთითებს და არ ცვლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ოთხი წლის წინ მანიპულაციებში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულები. თუ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს დავეყრდნობით, სწორედ 2020 წლის პოსტსაარჩევნო მოვლენებით და ამერიკის მაშინდელი ელჩის კომენტარებით გაჩნდა პირველი ბზარი სტრატეგიულ პარტნიორთა ურთიერთობაში. შეცდომის აღიარებამდე იყო 40-დღიანი დუმილი და პარალელური დათვლის არასწორი მონაცემი, რომელიც ოპოზიციამ არჩევნების ოფიციალური შედეგებისთვის უნდობლობის გამოცხადების და პარლამენტის ბოიკოტის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად გამოიყენა.