მმართველი პარტიის თავმჯდომარის მწვავე გზავნილები რამდენიმე ევროპარლამენტარის მიმართ.
თეა წულუკიანის შემდეგ ცალკეულ ევროპელ პოლიტიკოსებს ირაკლი კობახიძე აკრიტიკებს. ნიკა გვარამიას საქმეზე გაკეთებული ნეგატიური შეფასებების გამო ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას „ქართული ოცნების“ ლიდერი კრიმინალების მფარველებად მოიხსენიებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის აზრით, შვიდი-რვა ევროპარლამენტარი 2012 წლის მსგავს რიტორიკას იმეორებს და საქართველოში ცალკეულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების შეფერხებას ცდილობს. პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობის დროს კობახიძის მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცნენ ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. სალომე სამადაშვილი და გიორგი კანდელაკი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაბლოკვის მცდელობაში დაადანაშაულა.
ინტერვიუმ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. საპასუხო რეაქციები არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა.