მმართველი გუნდი მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც განიხილოს, თუმცა სანაცვლოდ წინაპირობას აყენებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამისთვის ოპოზიციამ ნეგატიური დღის წესრიგი პოზიტიურით უნდა შეიცვალოს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამაში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნაც იგულისხმება, რაზეც მათ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვან. პირველი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, შემდეგი ორი არჩევნები 2%-იანი საარჩევნო ბარიერით და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. ამასთან ცვლილებების სამი მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტში ფრაქციას შვიდის ნაცვლად ოთხი დეპუტატი შექმნის. თუმცა, მმართველ გუნდში საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტის შეცვლას არ გამორიცხავენ. ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტის კორექტირების ინიციატივით გასულ კვირას გამოვიდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დოკუმენტიდან ჩანაწერის, „შემდეგი არჩევნების“ ამოღებას ემხრობა და მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში დაბალი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ჩანაწერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.