ირაკლი კობახიძე მოსკოვის ბრალდებას პასუხობს

მოსკოვის ბრალდებას, თითქოს თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიშ ცდებს ატარებენ, პარლამენტის თავმჯომარე რუსეთის ჰიბრიდულ ომს უკავშირებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით ლუგარის ლაბორატორიას არაფერი აქვს საერთო რუსეთის პიარტექნოლოგების ბრალდებებთან.

საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთი, დეზინფორმაციას ავრცელებს – ამის შესახებ ნათქვამია BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟში. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ტელეკომპანიის ჟურნალისტი ცდილობს, გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსკოვის ბრალდება, რომ თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიშ ცდებს ატარებენ. რეპორტიორი ამ ინფორმაციის დამამტკიცებელ საბუთებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ მინისტრ იგორ გიორგაძეს სთხოვს.

გიორგაძე ინტერვიუში ამბობს, რომ მას ამის დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნია. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის ეს დეზინფორმაცია, გიორგაძე ამბობს, რომ არ იცის. “ბი-ბი-სი”-ს კორესპონდენტი აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელსაც ესაუბრა. რეპორტაჟის ავტორი ასევე ეწვია ლუგარის სახელობის ცენტრს.