რისკის შემცველს უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საბჭოს წევრის გაწვევა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არაჯეროვნად ასრულებს მოვალეობას.
პარლამენტის სპიკერის შეფასებით, ასეთი წევრი ანა დოლიძეა, რადგან ის მუდმივად არღვევს სასამართლო ხელისუფლებისთვის დადგენილ სტანდარტებს.
„ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითხოვს.
შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს. „ევროპული საქართველო“ აღნიშნული პირებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ასახელებს.