საქართველო დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება – ამ გზავნილით პრემიერი ამჯერად გერმანიაში იმყოფება.
უკვე დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის და ოლაფ შოლცის შეხვედრა. აუდიენციის შემდეგ მედიისთვის კომენტარები არ გაკეთებულა. ოფიციალური ბერლინის მოწოდებაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების მხრივ აუცილებელი ნაბიჯები გადადგას და უახლოეს კვირებში აუცილებელ ძალისხმევას მიმართონ. ოფიციალური ინფორმაციით, გერმანიის კანცლერთან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და უსაფრთხოების გარემო იყო. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერს ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ჩატარებული სამუშაოები და მმართველი გუნდის მოლოდინი გააცნო. განცხადებას ავრცელებს გერმანიის მთავრობაც, რომლის მიხედვით მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე, უკრაინის ომზე და ევროპული პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერის სამუშაო ვიზიტი გერმანიის კანცლერის მიწვევით დაიგეგმა. აუდიენციის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერის გვერდზე წერს: „საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია“.