საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ღია წერილს ავრცელებს.
„მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტიურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში. ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა. მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არ იციან, რა მოიმოქმედონ. ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა,“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერის წერილს პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. მათი თქმით, ამით პრემიერი სიტუაციის პოლარიზებას ცდილობს და ადასტურებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მოსამართლეთა კლანის პირობებში, თავისუფალი სასამართლოთი სარგებლობის შესაძლებლობა არ ექნება.