ხუთი წლის შემდეგ დაბრუნება ძველ პოსტზე.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის წარდგენილი. გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში შიდა კონსულტაციების შემდეგ გამოაცხადა. ახლა სწორედ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა უნდა დააკომპლექტოს მომავალი მინისტრთა კაბინეტი და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგინოს. ღარიბაშვილს, რომელსაც 2013-2015 წლებში ერთხელ უკვე ეკავა მთავრობის მეთაურის პოსტი, „ქართული ოცნება“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. კანონმდებლობით, მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარსადგენად მმართველ პარტიას ცხრა დღე აქვს, თუმცა უკვე დაანონსებულია, რომ მთავრობის ფორმირება და შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში გასავლელი პროცედურები დაჩქარებულად წარიმართება.