ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

თბილისში ვიზიტად მყოფ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ გორდან რადმანს საქართველოს პრემიერი შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს და ეს ევროკომისიის ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრმა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.