უნიკალური ქართული ხელნაწერი საქართველოში ბრუნდება. იოანე ზოსიმეს მიერ ხუცური ანბანით დაწერილი ტექსტი და მე-10 საუკუნით დათარიღებული პალიმფსესტი მალე ეროვნული მუზეუმის კუთვნილება გახდება. ისტორიული მნიშვნელობის ხელნაწერი რამდენიმე საათის წინ ლონდონში, კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ხელნაწერი საუკუნეების განმავლობაში სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში იყო დაცული, თუმცა მე-19 საუკუნიდან დაიკარგა. წლების მანძილზე ის კერძო კოლექციონერის, მარტინ შოენის კოლექციაში ინახებოდა. შოენის კოლექცია 120 ენაზე შესრულებულ 13 000-მდე ხელნაწერს აერთიანებს, მათ შორის იყო ქართველი სასულიერო მწერლის, მთარგმნელის და გადამწერის, იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერიც. დღემდე საქართველოში მისი არცერთი ხელნაწერი არ მოიპოვება. 70-გვერდიანი წიგნი პალიმფესესტია. ხელნაწერის ძველი ტექსტი ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზეა შედგენილი და მე-5-მე-7 საუკუნეებით თარიღდება. ის სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს მოიცავს.