საქართველომ უნიკალური საგანძური დაიბრუნა.
იოანე ზოსიმეს მიერ შესრულებული ხელნაწერი ხვალიდან ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. დიდი ბრიტანეთიდან ჩამოტანილი 70-გვერდიანი ძეგლი უკვე ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდშია განთავსებული. ოთხი თვის წინ კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის ნაჩუქარი საგანძური უნიკალურია იმ მხრივაც, რომ პალიმფსესტის ქვედა ფენაზე შესრულებული ტექსტის გაშიფვრაც არის შესაძლებელი. დღემდე საქართველოში იოანე ზოსიმეს არცერთი ხელნაწერი არ ინახებოდა.
ისტორიული მნიშვნელობის ხელნაწერი პალიმფსესტია, რაც ნიშნავს, რომ თავდაპირველ, ანუ დასავლურ არამეულ დიალექტზე მე-5 მე-7 საუკუნეებში შესრულებულ ხელნაწერზე 979 წელს ტექსტი იოანე ზოსიმემ ხუცურით გადაწერა. ცნობილი ქართველი სასულიერო მწერლის, მთარგმნელის და გადამწერის მიერ შესრულებული ხელნაწერი საუკუნეების განმავლობაში სინას მთაზე ინახებოდა, ორ საუკუნის წინ კი დაიკარგა და შემდეგ კერძო კოლექციონერის კოლექციაში მოხვდა. საქართველოში ჩამოტანის შემდეგ ქართველი მეცნიერები და მკვლევარები ხელნაწერის შესწავლას იწყებენ.