ფასდაუდებელი მნიშვნელობის ხელნაწერი ლონდონიდან საქართველოში გამოსაგზავნად მზადდება. „კრისტის აუქციონზე“ ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილ პალიმფსესტს უახლოეს პერიოდში დიდი ბრიტანეთიდან თბილისში ჩამოიტანენ. ეს იქნება საქართველოში იოანე ზოსიმეს მიერ შესრულებული ერთადერთი ხელნაწერი. უძველესი ტექსტების კრებული ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას. ორენოვან, ქართულ-არამეულ ენებზე შესრულებულ ხელნაწერებს სახარებისეული ტექსტების შესწავლისა და სამეცნიერო-ლიტერატურული თვალსაზრისით უნიკალური მნიშვნელობა აქვს.
პალიმფსესტის ქვედა ფენა, რომელიც მე-5-მე-7 საუკუნეებით თარიღდება, მსოფლიო ისტორიაში უძველეს სახარებას შეიცავს, ზედა, ანუ მეათე საუკუნეში ცნობილი ქართველი ჰიმნოგრაფის, იოანე ზოსიმეს მიერ შესრულებული ხელნაწერი კი ხუცური ანბანით არის დაწერილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – პალიმფსესტზე ორივე ფენის წაკითხვა დღესაც შესაძლებელია. არანაკლებ საინტერესოა გზა, რომელიც სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცულმა ხელნაწერმა „კრისტის აუქციონამდე“ გაიარა. 41-წლიანი პაუზის შემდეგ, ხელნაწერის საქართველოსთვის შესყიდვის მცდელობა წარმატებით დასრულდა.
თამარ ჯალაღონია მოგვიყვება, როგორ მოხვდა მე-20 საუკუნეში მონასტრიდან გაუჩინარებული ხელნაწერი კრებული რამდენიმე კერძო კოლექციონერის კოლექციაში და ბოლოს აუქციონზე.