რუსეთის მიერ ცხინვალის დეფაქტო რეჟიმისთვის ამოქმედებული ახალი საბაჟო წესების გამო შექმნილმა სასურსათო დეფიციტმა, ოკუპირებულ რეგიონში ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეით ფიე-რონმა განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ახალგორსა და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სხვა რაიონებში, რადგან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელი პუნქტები ჩაკეტილია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ასევე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრების განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქეით ფიე-რონის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები შედეგიანია, ამიტომ საჭიროა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. ქეით ფიე-რონთან ვრცელ ინტერვიუს „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში იხილავთ.