„ინტერრაოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება  

აფხაზეთის დამატებითი ენერგომომარაგება პოლიტიკური უთანხმოების საგანი ხდება.

ოპოზიცია იმ ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას მოითხოვს, რომელიც რუსულ ენერგო-კომპანია „ინტერ-რაოსთან“ გაფორმდა. ეს არის ერთჯერადი და მარტის ბოლომდე მოქმედი დოკუმენტი, რომლის მიხედვით ოკუპირებულმა რეგიონმა რუსეთიდან 45 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია უნდა მიიღოს. თანხას სახელმწიფო ენერგო-კომპანია „ესკო“ იხდის.

რუსეთიდან დენის დამატებითი იმპორტი მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონემ მკვეთრად დაიკლო და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. შედეგად აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც რუსული კომპანიიდან დენის დამატებითი მარაგის შესყიდვა გადაწყდა. თუმცა ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით ხელმოწერილმა ხელშეკრულებამ ოპონენტებს შორის კითხვები გააჩინა.