ინიციატივა ოჯახურ ღირებულებათა დაცვის შესახებ

კვლავ განხილვის თემაა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა. ოპოზიცია კვლავ კრიტიკულია. მმართველ გუნდს ისევ განმარტებების გაკეთება უწევს. მათი თქმით, წარმოდგენილი ინიციატივა ოჯახურ ღირებულებასა და არასრულწლოვანთა დაცვას ემსახურება და კანონპროექტში შესატანი რვა მუხლი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მოამზადებს დადგენილების პროექტს, რომელსაც პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირაში განიხილავს და დადგენილებით შექმნის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას. კომისია მოსახლეობასთან შეხვედრებს ჩაატარებს ერთი თვის განმავლობაში და დისკუსიების შედეგებს პარლამენტს გააცნობს.

ამის შემდეგ უკვე კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა დაიწყება. ჩაერთვება თუ არა ოპოზიციური სპექტრი საერთო სახალხო განხილვებში, ამ ეტაპზე მოსაზრებები განსხვავებულია.