„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ. ამ ფორმით მათ პროტესტი გამოხატეს 4 ივნისს აშშ-ში, ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენის შესახებ, რომელზეც ივანე ჩხიკვაძემ და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსმა მკვლევარმა, ნატალია საბანაძემ თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, როგორც ხელისუფლების ოპონენტების დევნისა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიების დაწყების სამართლებრივ საფუძველზე. ვიზიტისა და ჰელსინკის კომისიაში გამართული მოსმენის შესახებ, ივანე ჩხიკვაძეს ჟურნალისტებთან დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.