მმართველი გუნდის წევრები ცესკო-ში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. მაკა ბოჭორიშვილი წერს: „პერფორმანსია, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა, საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა. იქნებ საქართველოს დემოკრატიული ზრდის დამკვირვებლებიდან ვინმე ოდნავ მაინც შეშფოთდეს ან შეიშმუშნოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირების აშკარა და დაუფარავი ხელის შეშლის გამო?“ – წერს ბოჭორიშვილი.
მომხდარს ეხმაურება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი. მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს: „ძალადობა, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობა – ესაა მთავარი მიზანი, ოღონდ ერთს ვერ იაზრებენ, სხვა საქართველოა დღეს!!! არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს. ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში,“ – წერს ბითაძე.
ცესკო-ში განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანიც. მამუკა მდინარაძე წერს: „ შავი ლაქა – ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო! საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს! მკლავზე დამაგრებით დაიწყეს“, – წერს მდინარაძე.
იუსტიციის მინისტრმა კი სოციალურ ქსელში დაწერა: „საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია. ამ სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. იფიქრეთ სანამ ღილაკს დააჭერთ. ამ ქვეყანაში სოცქსელები ბავშვებსაც აქვთ,“ – დაწერა რატი ბრეგაძემ.