იმპორტის აკრძალვა

უკრაინა მოლდოვიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს აკრძალავს. კიევში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კიშინიოვში განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინული პროდუქტების იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვას უერთდებიან. კერძოდ, მოლდოვა დროებით შეაჩერებს უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის იმპორტს. კიშინიოვში განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებული მარცვლეულის საცავები გადავსებულია და ადგილობრივი ფერმერები შიშობენ, რომ შესაძლოა, მათ ახალი მოსავლის შესანახი ადგილი აღარ დარჩეთ. უკრაინის ეკონომიკის განვითარების სამინისტროში მოლდოვის გადაწყვეტილებას არამეგობრული ნაბიჯი უწოდეს და განაცხადეს, რომ საპასუხოდ, მოლდოვიდან იმპორტს სრულად აკრძალავენ. შეგახსენებთ, მანამდე ევროკომისიამ უკრაინული პროდუქციის ნაწილის იმპორტი ევროკავშირის 5 ქვეყანაში დროებით აკრძალა. ეს შეზღუდვა 5 ივნისამდე მოქმედებს.