ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა – ეს განმარტება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პირველ არხთან გააკეთა. პირველმა არხმა ცენტრს განმარტებებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც ილიას უნივერსიტეტმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დაწესებულება 2024 წლის ივნისში შეამოწმა და ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. გუშინ კი ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ პრინციპულად არ ეთანხმება საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და მას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს. მანამდე კი, ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს. ამ საკითხზე პირველი არხი ავტორიზაციის საბჭოს რამდენიმე წევრთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ჯერჯერობით მათგან განმარტებების მიღება ვერ მოხერხდა. საბჭოს ხელმძღვანელმა კახა შენგელიამ კი ტექსტური შეტყობინებით გვაცნობა, რომ გუშინდელ საბჭოს არ დასწრებია, რადგან საქართველოში არ იმყოფება და ამ თემაზე არც ინფორმაციას ფლობს.