"იაშვილის საავადმყოფოდან" გათავისუფლებული ექიმები კლინიკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ  სასამართლოში სარჩელს შეიტანენ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან გათავისუფლებული ექიმები კლინიკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ  სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, – ამის შესახებ კლინიკის უკვე ყოფილმა მედპერსონალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მათი  თქმით, 100-მდე ექიმი სამსახურიდან მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაუშვეს. მედპერსონალი კლინიკისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.

როგორც ნანა რურუამ განმარტა, გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა, მაგრამ მიუთითა, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მისთვის გაურკვეველია.

საქმის შესწავლის მიზნით, გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ასევე მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატს. განცხადება გაავრცელა კლინიკის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნულია, რომ პერსონალის გათავისუფლების მიზეზი რეორგანიზაციაა და კომპენსაცია ყველამ მიიღო.