იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

იაპონია საქართველოს 343 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

თანხა ავტობანის რიკოთის ერთ-ერთი მონაკვეთის, შორაპანი-არგვეთის მშენებლობას მოხმარდება. შეთანხმებას ხელი დღეს თბილისში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

თითქმის 15-კილომეტრიანი მაგისტრალი, ხიდებითა და გვირაბებით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, 2022 წლის ბოლომდე აშენდება.

ტარო კონოს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იაპონია სავიზო რეჟიმს გაამარტივებს. იგეგმება მრავალჯერადი ვიზების შემოღება. მინისტრის განცხადებით, იაპონია მხარს უჭერს კავკასიის რეგიონის მდგრად განვითარებას. ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, ეს საქართველოში იაპონიის მხრიდან მაღალი დონის პირველი ვიზიტია.