შეფასებები კეთდება „გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ინდექსზე, რომლის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-იანი სისტემით 81,5 % დაიმსახურა. შედეგად საქართველო 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსი განიმარტება, როგორც „სახელმწიფო ინსტიტუტების უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობას ინფორმაციის მოთხოვნით, თანამდებობის პირების დაკითხვით და არასათანადო ქცევის დასჯის გზით. ანგარიშვალდებულების ეს ფორმა უზრუნველყოფს კონტროლს ინსტიტუტებს შორის და ხელს უშლის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. მთავრობის ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ძირითადი მოქმედი სუბიექტებია: საკანონმდებლო ორგანო; სასამართლო სისტემა და კონკრეტული ზედამხედველობის უწყებები, როგორიცაა ომბუდსმენები, პროკურორები და გენერალური კონტროლიორები“. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ, შეფასების გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. ჩვენი ქვეყანა 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 107-ე ადგილს იკავებდა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი 49 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შედეგებით, საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში ცხრა სახელმწიფოს და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანას, მაგალითად საბერძნეთს, რუმინეთს, მალტას, კვიპროსს, უნგრეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს და სინგაპურს უსწრებს. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტია უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია შვედეთში, გოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.