„ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, აირჩიონ თავიანთი ლიდერები დემოკრატიულად“, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მონიტორინგით და პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მათი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“,- ნათქვამია განცხადებაში. ჰელსინკის კომისია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებასაც იხსენებს, რომლის თანახმადაც, სექტემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ზომების ფართო სპექტრი გამოაცხადა, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს საქართველოს მთავრობის წევრებისა და სხვა პირებს, ვინც ძირი გამოუთხარა საქართველოს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს“. კომისია ეხება მის მიერ მიღებულ „მეგობარ აქტსაც“, რომლის მიზანია, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების გავლენას, განსაკუთრებით რუსეთის. კანონპროექტი ორპარტიულად დამტკიცდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და ახლა წარმომადგენელთა პალატაში ელის დამტკიცებას“,- აღნიშნულია
განცხადებაში, რომლის ხელმომწერები არიან ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, კონგრესმენები: სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი, მარკ უიზი და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დაფნა რენდი.