„საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს მისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“, – განცხადებას ამის შესახებ ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრი ზომები უნდა მიიღოს ამ ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ, რომლებიც ასპონსორებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას“, – წერია განცხადებაში.
ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა თბილსიში. ბრალდებებზე მწვავე შეფასებები კეთდება ხელისუფლებაში. მმართველი გუნდი აღნიშნულ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს. ამასთან, ისინი საზოგადოებას ევროპელ სამართალდამცველებთან ერთად ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს ახსენებენ და განმარტავენ, რომ ეს არის მცდელობა დავით კეზერაშვილის დანაშაულები „ქართულ ოცნებას“ გადმოაბრალონ. ხელისუფლების ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ბრალეულობა ქოლ-ცენტრების საქმეში. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დავით კეზერაშვილთან ერთად ქოლ-ცენტრების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლებიც ფიგურირებენ.