ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების ორდერები გასცა
საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებიდან ერთი წლის შემდეგ ცნობილი ხდება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტი. დაკავებების ორდერები გაცემულია ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის სამ წარმომადგენელზე. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ე. წ. შინაგან საქმეთა მინისტრს, ე. წ. წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელს და ე. წ. ომბუდსმენს ჰააგის სასამართლო აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს ტყვედ აყვანილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხელს და მათ დაპატიმრებას მოითხოვს. პროკურორ კარიმ ხანის ამ გადაწყვეტილებას და სასამართლოსთვის მიმართვას წინ მრავალწლიანი განხილვა, მოწმეების დაკითხვა და საქართველოდან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გაგზავნილი ასეულობით მტკიცებულების შესწავლა უძღოდა. ომის უმძიმეს დანაშაულში არ აღიარებული რეჟიმის წარმომადგენლების დადანაშაულების შემდეგ ოფიციალური თბილისი ახლა მთავარ მიზნად დამნაშავეთა დაკავებას და საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას აცხადებს. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება ომის დანაშაულში ბრალდებულ სხვა პირთა მიმართაც იქნება მიღებული.