მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება.
კერიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის, ასევე „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერების გაცემას მოითხოვს. არგუმენტად ომის დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გონივრული საფუძველი სახელდება. მძიმეა ისრაელის ხელისუფლების და აშშ-ის რეაქცია. ვაშინგტონი და თელ-ავივი ისრაელის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისა და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერების გათანაბრებას დაუშვებლად მიიჩნევენ. უფრო რადიკალური განცხადებები გაკეთდა კონგრესში. ცალკეული კონგრესმენები ჰააგის პროკურორს სანქციების დაწესებით დაემუქრნენ. ევროპაში პოზიციები გაიყო. ჰააგის პროკურორს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ლიდერებმა, ასევე საფრანგეთისა და ბელგიის ხელისუფლებამ.