გზავნილები ბრიუსელიდან - შეფასებები თბილისში

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი ხელისუფლებისთვის მიუღებელი და გაუგებარია ბრიუსელიდან მიღებული გზავნილები.

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ცალკეული ევროპარლამენტარების გამოსვლებს თბილისში საკმაოდ მწვავე რეაქციები მოჰყვა. რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით და სასამართლო სფეროში არსებული ვითარებით უკმაყოფილო დეპუტატებს მმართველი გუნდის ლიდერები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაცნობას ურჩევენ, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტს სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნაზე უარი ეთქვა. იმ განცხადებას კი, რომლის მიხედვით საქართველო, უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე სფეროში ჩამორჩება, ოფიციალური თბილისი ევროკომისიის ბოლო ანგარიშს უპირისპირებს. „ქართულ ოცნებას“ კითხვები აქვს იმ დეპუტატებთანაც, რომლებიც ფრენების აღდგენაზე საქართველოს მიერ რუსეთისთვის მიცემული ნებართვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. „უპასუხისმგებლო, ზედაპირული“, – ასეთი შეფასებები მიეცა თბილისიდან ბრიუსელში გუშინდელი სხდომის დროს გაკეთებულ გუშინდელ განცხადებებს.