შევსებული კითხვარი ბრიუსელში სავარაუდოდ, ზაფხულამდე გაიგზავნება.
პოლიტიკურ სპექტრში პროგნოზები და მოლოდინები არაერთგვაროვანია. მმართველ გუნდში პროცესის ღიაობის და ყველა მხარის ჩართულობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, რათა მთავარი მიზანი – კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, დაჩქარებულ ვადებში იყოს მიღებული. კითხვარის შევსებაზე სხვადასხვა უწყებაში შექმნილი თემატური ჯგუფები იმუშავებენ. პროცესის დაწყების წინ „ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან რამდენიმე რეკომენდაციას იღებს. მთავარი მოწოდება რეფორმების გატარებას უკავშირდება, განსაკუთრებული აქცენტი მართლმსაჯულების სფეროზე კეთდება. ოპონენტების ნაწილი ხელისუფლებას ეკონომიკური მიმართულებით გარკვეული კანონპროექტების მომზადებას და დამტკიცებასაც სთავაზობს. სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის გარკვევა კითხვარის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.