ისტორიული დღე საქართველოსთვის.
ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი მიიღო. ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა, სადაც საქართველოს და მოლდოვას შესაბამისი დოკუმენტი გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გადასცა. ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ახალი ეტაპი, იწყება ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროცესი. საქართველოს 369 შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი – სამ მიმართულებად დაყოფილი კითხვები ყველა სფეროს მოიცავს. კონკრეტული ვადა არ სახელდება, თუმცა კითხვარის სწრაფად და ხარისხიანად შევსება ხელისუფლების მხრიდან მთავარ ამოცანად ცხადდება. შევსებულ კითხვარს ევროკომისია შეაფასებს და გადაწყვეტს, იმსახურებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. თუმცა მისი შეფასება ბოლო ეტაპი არ იქნება. შესაბამისი რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოში უნდა გაიგზავნოს, სწორედ მან უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება.