საქართველოს ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა აქვს.
369 კითხვაზე ქართულმა მხარემ პასუხები 30 დღეში უნდა გასცეს და ევროკომისიას უკან დაუბრუნოს. პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები – ეს არის ის ძირითადი სამი ბლოკი, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები კითხვარი მოიცავს. მთავარი კითხვაა, რამდენად არის მზად საქართველო ევროინტეგრაციის მორიგი ეტაპისთვის. ოპოზიცია პროცესში ძირითად პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და პირველ რიგში კითხვარის გასაჯაროებას მოითხოვს. ოპონენტების მმართველ გუნდს მოუწოდებენ კითხვარის შევსების პროცესი გამჭვირვალედ, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ჩართულობით წარიმართოს. საპასუხოდ მმართველ გუნდში პირობას დებენ, რომ კითხვარი ყველა წესით დაცვით შეივსება და ევროკომისიას დათქმულ ვადაში გადაეგზავნება. რაც შეეხება დოკუმენტის გასაჯაროებას, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხზე გადაწყვეტილება ევროკავშირმა უნდა მიიღოს.