აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოა დროშები ორბელიანების სასახლის ეზოში
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოა დროშები ორბელიანების სასახლის ეზოში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზო დღეს დამთვალიერებლებისთვის ღიაა. აქ მოსულ სტუმრებს აგვისტოს ომის მე-14 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის ხილვა შეუძლიათ. დასკვნითი ღონისძიება კი 11 აგვისტოს 20:00 საათზე ფილმის „შინდისის გმირების“ ღია ჩვენებით დასრულდება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად გორში და კარალეთში მდებარე სკოლებსა და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ. შესაბამისი ინიციატივით დაღუპული მებრძოლების მშობლებმა პრეზიდენტს შარშან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეხვედრისას პირადად მიმართეს. გორის მე-7 საშუალო სკოლა კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელს ატარებს, ხოლო კარალეთის მე-2 საჯარო სკოლა და სკვერი კაპრალ ოთარ სუხიტაშვილის სახელობის გახდა.