თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით თავად მსჯავრდებულმაც ისარგებლა. მანამდე დაცვის და ბრალდების მხარეებმა რეპლიკები თქვეს. ბრალდებულების საბოლოო სიტყვის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავა, თუმცა მხარეები ვარაუდობენ, რომ განაჩენი დღეს არ გამოცხადდება. გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი საწარმოო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, რომელიც ავტომანქანის ეპიზოდს ეხება. შვიდ მილიონამდე ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე კი გვარამიას 50 000 ლარი ჯარიმა აქვს მისჯილი. პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ორივე მხარე ასაჩივრებს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას.