რეზონანსული კანონის მიღების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასევე რეზონანსულ ინიციატივას აჟღერებს.
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი ცალკეული პირების ჯაშუშობის მუხლით გასამართლებას ითხოვს. არგუმენტად კანონის მხარდამჭერების, ხელისუფლების და მათი ოჯახების ბულინგი და მუქარის შემცველი ქმედებები თუ განცხადებები სახელდება. ამ კონტექსტში განიხილება პარიზის აეროპორტში მმართველი გუნდის დეპუტატ ელისო ბოლქვაძესთან დაკავშირებული ინციდენტი და „ქართული ოცნების“ წევრთა მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარები სოციალურ ქსელში. აქცენტი კეთდება კანონის მხარდამჭერი კანონმდებლების მისამართით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველ გზავნილზეც. ხელისუფლება ყველა ამ ფაქტის მიღმა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების კვალს ხედავს და უცხოელ პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ანალოგიური პრეტენზია აქვს მეორე მხარესაც. ოპოზიციის წევრები მათი მისამართით გახშირებულ მუქარის შემცველ სატელეფონო საუბრებს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ კამპანიად აცხადებენ. რამდენიმე მათგანმა სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა.