პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადება.
უმრავლესობის დეპუტატი სოციალურ ქსელში ახალი წიგნის „ცის ფერი ანუ, ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ პრეზენტაციის ანონსს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ადგილი აქვს ლგბტ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას, თითქოს ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტ პროპაგანდის მაგალითები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ოპოზიციის ნაწილი „ხალხის ძალას“ აღნიშნული გზავნილების გამო აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ემსახურება. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ საქართველოში უმცირესობათა უფლებები კონსტიტუციით დაცულია და აღნიშნული ქმედებები სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივებას ისახავს მიზნად.