თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ის „ნიუჰოსპიტალში“ გუშინ შეიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია. შარშან კი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს დაიბეჭდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი პირველი წიგნი „მთის გადაღმა“ გამოიცა. „სამოსელი პირველი“ და „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ კი დოჩანაშვილის შემოქმედებიდან გამორჩეულ ნაწარმოებებად იქცა.
რამდენიმე დღის წინ, მისი იუბილე იყო და ყველას გვქონდა იმედი, რომ ის კიდევ დიდხანს იქნებოდა ჩვენთან. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება უკვდავია და კიდევ არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე და მწერლის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.