ვითარება საოკუპაციო ხაზთან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ  გუგუტიანთკართან ამ დროისთვის სიმშვიდეა. საოკუპაციო ზოლში რუსი სამხედროები არ გამოჩენილან. გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი აგვისტოს ომის 11 წლისთავზე განახლდა. ამ დროისთვის ადგილზე 10-მდე ძელია დამონტაჟებული, რასაც, სავარაუდოდ, რკინის ღობის მონტაჟი მოჰყვება და დაფიქსირდება საოკუპაციო ხაზი.

სოფელი გუგუტიანთკარი ოკუპირებულ სოფელ დისევს ესაზღვრება, სადაც რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს. ადგილობრივები შიშობენ, რომ ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დამატებით 2 სახლი მოექცევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პროცესს მონიტორინგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უწევს. წარმომადგენლები დილიდან ადგილზე იმყოფებიან.