გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა კომერციულ ქსელში 27 ნოემბრიდან გაიყიდება. როგორც პრეპარატის იმპორტიორ კომპანიაში „მოამბეს“ განუცხადეს, ფრანგული წარმოების „ვაქსი-გრიპის“ 12 000 დოზა ქვეყანაში ხვალ შემოვა და ზეგიდან უკვე ქსელში გამოჩნდება. ვაქცინაციის ღირებულება 50 ლარი იქნება.
კომპანიების ინფორმაციით, უკვე გახარჯულია ჰოლანდიური, სამკომპონენტიანი ვაქცინის მარაგი, რომელიც ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს შემოვიდა. ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფომ 100 ათასი დოზა ოთხკომპონენტიანი პრეპარატი შეიძინა. ვაქცინა უფასოდ უკეთდება რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს – ესენი არიან შიდსითა და ცე ჰეპატიტით ინფიცირებულები, მედპერსონალი და სხვა კატეგორიის პირები.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გამოცხადდება ვაქცინაციის „თავისუფალი დღეები“, როდესაც სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის გაკეთება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.