პოლიტიკური პროცესის მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადატანის შესახებ საკუთარი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ პირველი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დიპლომატების ჩართულობით პრაქტიკულად მოლაპარაკებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა. ვაშაძე ამბობს, რომ სტრატეგიული მოკავშირეების ჩართულობით, მოლაპარაკებებში თავად ყოველდღიურად მონაწილეობდა. ის არ ასახელებს რომელ დიპლომატებთან ჰქონდა კომუნიკაცია. შეგახსენებთ, 10 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ გავრცელებულ განცხადებაში პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით, მან დამატებით განმარტა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, მეორე ტურის ბოიკოტისა და პარლამენტში არშესვლის გეგმა ძალაში რჩება.
ვაშაძისგან დამატებით განმარტებებს ითხოვენ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. როგორც ისინი ამბობენ, შესაძლო მოლაპარაკების პროცესზე დიპლომატების მონაწილეობით, ინფორმაცია მათ არ ჰქონდათ. იგივეს აცხადებდნენ თავად გრიგოლ ვაშაძის თანაგუნდელებიც.