სიახლე, რომელიც შაქრიანი დიაბეტი ტიპი ერთის მქონე ბავშვებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს და დაავადების მართვის ხარისხს გააუმჯობესებს. ჯანდაცვის სამინისტრომ სისხლში გლუკოზის მონიტორინგის ახალი მოწყობილობების გაცემა დაიწყო. ეს არის მცირე ზომის აპარატი, რომელიც სხეულზე მარტივად მაგრდება და მაჩვენებლებს უწყვეტ რეჟიმში აფიქსირებს. მაღალი სიზუსტის გარდა, ეს სისტემები ბავშვებს ჩხვლეტის უსიამოვნო პროცედურასაც თავიდან ააცილებს. სიახლეა ისიც, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფასოდ გადაეცემათ სმარტფონები, რომლებიც მონიტორინგის მაჩვენებლების დამუშავებისთვისაა საჭირო. მოწყობილობები მხოლოდ 7 წლისა და უფროს ბავშვებში გამოიყენება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამ ასაკის დაწევის შესაძლებლობას განიხილავენ. საქართველოში შაქრიანი დიაბეტი ტიპი ერთის დიაგნოზი 1400-მდე ბავშვს აქვს დასმული.