გლობალური ტერორიზმის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მოწინავე ქვეყნებს შორის მოხვდა. ანგარიშს, რომელშიც 2023 წელია შეფასებული, საერთაშორისო ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) აქვეყნებს. გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ნულოვანი დონის მქონე ქვეყნებს შორისაა. საქართველო ამ მაჩვენებლით დაახლოებით 50 სხვა ქვეყანასთან ერთად საუკეთესო, ანუ ბოლო – 89-ე ადგილს იკავებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალური ტერორიზმის საფრთხეების მხრივ საქართველოს მდგომარეობა 2013-2023 წლებში 2.6 ქულით არის გაუმჯობესებული. 2012 წლის ანგარიშით, საქართველო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებდა. „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მკვლევრები გლობალური ტერორიზმის ინდექსის შედგენისას ისეთი ფაქტორებით ხელმძღვანელობენ, როგორებიცაა ტერორისტული ინციდენტების, მსხვერპლის, დაშავებულებისა და მძევლების რაოდენობა.