გლდანის ბაზრების ხორცის სარეალიზაციო პავილიონების შემოწმებისას, საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა
გლდანის აგრარული ბაზრების, შპს “მერკადოსა“ და შპს „სუზალას“, ხორცის სარეალიზაციო პავილიონების შემოწმებისას, ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღმოჩენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. „სულ დალუქულია მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის 200 კგ-ზე მეტი იმპორტირებული ხორცი. გარდა ამისა, შპს „მერკადოს“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისთვის ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუში აიღო, რომელთაგანაც დარღვევა თერთმეტ ნიმუშში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით, განადგურდა 7 243 კგ ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.